ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო ჰაბად გარდასაქმნელად სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელი უნდა იყოს.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელია.
"რაც შეეხება კითხვას, აეროპორტი იქნება თუ არა ჩვენს საკუთრებაში. დიახ, აუცილებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება, გარკვეული პროცენტები გავასხვისოთ, შემოვიყვანოთ დიდი ინვესტორები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ბერკეტები და არა ისე როგორც დღეს არის. მე რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს არსებული ინვესტორის, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მაგრამ საერთოდ უკეთესია, მით უმეტეს, ჩვენ გვინდა პოზიციონირება როგორც ჰაბის, გავხდეთ ცენტრი და ერთ-ერთი ცენტრალური პოზიცია დავიკავოთ ამ რეგიონში, გვინდა, ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად საავიაციო ჰაბად, ისე, როგორც გააკეთა მაგალითად, თურქეთმა და იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა. სახელმწიფოს როლი არის განმსაზღვრელი. ჩემი პასუხიც ეგ არის. ასე იქნება ანაკლიის პორტზეც. გვექნება ჩვენი ხელი და კონტროლი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.