27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩატარდა

საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი ჩატარდა. მოსამართლის კითხვას თუ რა პოზიცია აქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ლაზარე გრიგორიადისმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს. დღეს შესავალი სიტყვა არც მის დაცვის მხარეს უთქვამს, რადგან ადვოკატებმა მოითხოვეს კონკრეტული დრი იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. მოსამართლემ ეს შუამგომლობა გაითვალისწინა და დღევანდელი პროცესი 27 ივლისისთვის გადადო, სადაც უკვე შესავალ სიტყვას იურისტები იტყვიან.

"2021 წლის პოზიცია რაც იყო ბრალდებულის იყო სხვა, დღეს რა პოზიცია აქვს, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. ამიტომ აუცილებლად უნდა შევიდეთ და მოვინახულოთ პენიტენციურში, გავატაროთ კონსულტაცია და ჩამოვყალიბდეთ თუ რა პოზიციაზე იქნება. უკვე ჩამოყალიბების შემდეგ 27-ში დავასრულებთ მოცემულ პროცესს," - აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

პროკურატურის განცხადებით, საქმეში ყველა მტკიცებულება დევს, რომლითაც დასტურდება, რომ გრიგორიადისმა ოჯახის წევრს დანით ჭრილობა მიაყენა და პირადი ნივთი დაუზიანა.

"საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბრალდებულბა დანის გამოყენებით საკუთარ მამას, ორივე ბარძაყის არეში მიაყენა 3 ჭრილობა. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მიაყენა მამას ჭრილობები, დაზარალებულმა სცადა შემთხვევით ადგილიდან გაქცევა და გადახტა საცხოვრებელი სახლის აივნიდან. უკვე საცხოვრებელ სახლის ეზოში გამოსულ მამას დაეწია ბრალდებული, კვლავ ცდილობდა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას, თუმცა ადგილზე მყოფმა ბიძამ შეაკავა და ვერ შეძლო მამისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება. ვინაიდან ბრალდებული დაზარალებულს ვეღარ უახლოვდებოდა, მან ქვა აიღო და ქვის გამოყენებით დააზიანა მამის ავტომობილის უკანა საქარე მინდა," - აცხადებს პროკურორი თორნიკე მახათაძე.

საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც გრიგორიადისს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. ამ ბრალზე გრიგორიადისი პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მას აღკვეთ ღონისძიებად 2021 წელს გირაო შეუფარდეს.

დღის ამბები