27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
შეტაკებები საფრანგეთში - პროტესტმა საფრანგეთის ქუჩებში ძალადობისა და ძარცვის სახე მიიღო

6 დღიანმა პროტესტმა საფრანგეთის ქუჩებში მასშტაბური ძალადობისა და ძარცვის სახე მიიღო. განსაკუთრებით რთული სიტუაცია მარსელსა და პარიზშია, სადაც ყოველდღიურად აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკების დროს ასობით მანქანა, სახლი და ბიზნეს ობიექტი ზიანდება. მარსელის მერმა დაზარალებულების დასახმარებლად ორი მილიონი ევრო გამყო.

აქციის მონაწილეები ანგრევენ ბარიერებს, აზიანებენ ტრანსპორტის მოსაცდელებს, ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინებს, წვავენ მანქანებსა და ნაგვის ურნებს. ხანძრის ჩაქრობის დროს, ცეცხლს მეხანძრე ემსხვერპლა. სიტუაციის დასარეგულირებლად მთავრობას საფრანგეთის მასშტაბით დამატებით 45 ათასზე მეტი პოლიციელის მობილიზება დასჭირდა. შეტაკების შედეგად დაშავდნენ სამართალდამცველები. დაკავებულია ასობით ადამიანი.

ვითარების დეესკალაცია სულ უფრო რთული ხდება, პოლიცია აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს. მომიტინგეებმა გასულ ღამეს პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს და მის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ მერის ოჯახს, დაჭრილია ვინსენტ ჟანბრუნის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილიც. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზის გარეუბანში პოლიციელის ტყვიას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. ბებიის განცხადებით, მეამბოხეები ნაჰელის სიკვდილს ნგრევის გამოწვევის მიზეზად იყენებენ. მიმდინარე მოვლენების გამო, პრეზიდენტმა მაკრონმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო.

დღის ამბები