"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს, ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
დიპლომატიური სკანდალი იყო, როდესაც საქართველოდან გაიწვია ელჩი ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ეს არ შეაფასა სწორად და ადეკვატურად საქართველოს ხელისუფლებამ. დიპლომატიური სკანდალია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით კი, "არ ღირდა უკრაინის ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის გამო საქმის გაფუჭება."
"არ ღირდა უკრაინის ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის გამო საქმის გაფუჭება. როგორც ახლა ბატონი ზელენსკის მხრიდან არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება. ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ამის შესახებ "ქოცებს" რომ მიხეილ სააკაშვილი საჩუქრად გაეგზავნათ სადმე და დაერქვათ ამისთვის სამკურნალოდ მიზნით გადაყვანა," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად დაიბარეს, რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნათქვამია, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის რომ მოიძიონ არსებული სიტუაციის მოგვარების გზები. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.