19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
ნატოს სამიტამდე ერთი კვირა რჩება - ყველაზე მეტად ამ დღეს შვედეთი ელოდება, რომელმაც ალიანსში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა

ნატოს სამიტამდე ერთი კვირა რჩება. 11 და 12 ივლისი, მნიშვნელოვანი სიგნალების მისაღებად რამდენიმე ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე მეტად ამ დღეს ელოდება შვედეთი, რომელმაც ნატოში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

ამ გადაწყვეტილების პირველივე წუთებში დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია თურქეთმა. ანკარამ ქვეყნისთვის მწვანე შუქის ანთება რამდენიმე პირობის შესრულების შემთხვევაში დააანონსა.

ახლა თურქეთი ამბობს, რომ შვედეთზე პოზიციას არ შეცვლის, ამის მიზეზი იმ პირობების არ შესრულებაა, რაც ქვეყანამ აიღო.

კონკტერულად საუბარია იმ პირების ექსტრადირებაზე, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმში ადანაშაულებს. ასევე ანკარის კრიტიკულ პოზიციას იწვევს აქციაზე ყურანის დაწვის ფაქტი და დემონსტრაციებზე ქურთისტანის მუშათა პარტიის დროშების გამოჩენა.

"ჩვენი პოზიცია, მოლოდინები და დაპირებები მკაფიოა. იმავე პრინციპებს ვიცავთ, რომლებსაც შარშან ვიცავდით. მხოლოდ გვსურს, ისინი იყვნენ ერთგულები იმის, რასაც ხელი მოაწერეს. უფრო ჭკვიანური და სარგებლიანი იქნებოდა, ყურადღების გადატანის ტაქტიკით დროის დაკარგვის ნაცვლად, დადებული პირობა შეასრულონ," - აცხადებს ერდოღანი.

უნგრეთი კი თავის წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ სტოკჰოლმს ბუდაპეშტის მიმართ წლებია მტრული დამოკიდებულება აქვს და ვიქტორ ორბანს, კანონის უზენაესობის უპატივცემულობის გამო აკრიტიკებს. თუმცა კონკრეტული მოთხოვნები, შვედეთის მიმართ უნგრეთს არ აქვს.

ბუდაპეშტში თქვეს, რომ შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდებიან, თურქეთის თანხმობის შემდეგ. ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს ჩატარდება.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბრიუსელში შეხვედრამდე, ჰაკან ფიდანთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა წინასწარი თანხმობა ანკარისგან. ხვალ საღამოს უკვე გარკვეული იქნება, ხდება თუ არა შვედეთი, ალიანსის 32-ე წევრი.

დღის ამბები