"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას შეეცდება. ირაკლი კობახიძის ეს განცხადება, ნიკა გვარამიას მიერ ოპოზიციის კრიტიკას მოყვა. პრეზიდენტის შეწყალებული მედიამენეჯერი გუშინ "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა. 501-ე პალატის დატოვების შემდეგ გვარამიამ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხის წინ წამოწევა და სტრასბურგისთვის დროებითი ღონისძიების მოთხოვნა სტრატეგიულად გაუმართლებლად გამოაცხადა.
"ვივამედთან" ნათქვამი, მალევე პუნქტებად გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის კრიტიკა გაიზიარეს, თუმცა კითხვა - იყო თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობა მეორეხარისხოვანი თემა - უპასუხოდ დატოვეს.
დეპოლარიზაციის მოტივით შეწყალებული მედიამენეჯერი რომ უკვე აქტიურ პოლიტიკაშია, ეჭვი არ ეპარებათ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი ნაწილი, გვარამიას ფაქტორს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დამაზიანებლად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი ურჩევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მოიხსენიოს.
გვარამიას გააქტიურებამ საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ პრეზიდენტის შეწყალება გაახსენა. მმართველი გუნდის აზრით, დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. პარლამენტის სპიკერმა დღეს ისიც თქვა, რომ საერთაშორისო აქტორებისა და მთავარსარდლის ერთობლივმა ქმედებამ უკუშედეგი გამოიღო.
"ნაცმოძრაობის" ახალი სტრატეგიის საკუთარ ხედვაზე, დღეს, ნიკა გვარამიას მედიასთან აღარ უსაუბრია. ორი კვირის წინ ციხიდან განთავისუფლებულმა მედიამენეჯერმა თქვა, რომ ის სატელევიზიო კარიერის გაგრძელებას აღარ გეგმავს.