სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ უწყების 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს. სუს-ის განმარტებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს. გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ.
დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი ერთობლივ სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიცია დესტრუქციის შექმნას შეეცდება.
"ვფიქრობ, ოპოზიცია კვლავ შეეცდება, რომ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური ტრიბუნა ააშენოს. ვგულისხმობ დესტრუქციის მცდელობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ და ყველას - რადიკალურ ოპოზიციას, ოპოზიციას, რომ ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას. საქართველოს მცირე რესურსი გააჩნია, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურია შეფასებები," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.