15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური დემარშის შემდეგ, კიევი ოფიციალურ თბილისს კვლავ აკრიტიკებს - პოდოლიაკი მეორე ფრონტზე საუბარს "ქართული ოცნების" ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური დემარშის შემდეგ, კიევი ოფიციალურ თბილისს კვლავ აკრიტიკებს. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინელი მაღალჩინოსნები მეგობარ ქვეყანაზე სასაუბროდ რიგრიგობით იცლიან. ამჯერად, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი განცხადება პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა გააკეთა. მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საუბარი მეორე ფრონტზე "ქართული ოცნების" ფანტაზიის ნაყოფია.

ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ეს განცხადებები შეახსენეს დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს თბილისიდან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით სამოქმედო ტაქტიკის შეცვლას და საკუთარი განცხადებების ქვეყნის მთავრობისთვის გადაბრალებას ცდილობს, რადგან, მეორე ფრონტის იდეამ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ ნახა.

პოდოლიაკის მოსაზრებას დღეს კრიტიკოსები ქართულ ოპოზიციაშიც გამოუჩნდნენ. თეონა აქუბარდიამ უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან წარსულში გაკეთებულ მოწოდებებზე ისაუბრა და თქვა, რომ კომუნიკაციის ამ ფორმამ საქართველოს გაცხადებულ სამშვიდობო დეოკუპაციის პოლიტიკას საფრთხე შეუქმნა.

ომისკენ მოწოდებები რომ მართლაც იყო, ამას არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ, თუმცა მათი აღქმები და შეფასებები განსხვავებულია. ნაწილი ამას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, ნაწილი კი უკრაინის უშიშროების მდივნისა და სხვა მაღალჩინოსნების საუბარს უბრალო გადაცდომად.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო მიხაილო პოდოლიაკი დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც გააკრიტიკეს. დეპუტატების თქმით, მეგობარი ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებები, ხშირად საქართველოში პროცესების ნეგატიური კუთხით წარმართვას ემსახურება; რაზეც , მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩის ქვეყნიდან გაწვევაც მოწმობს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე გასული წლის თებერვალში დაიწყო, რასაც უკრაინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავება და კიევის მხრიდან საქართველოს სამხედრო დეოკუპაციაზე გაკეთებული არაერთი განცხადება მოჰყვა.

დღის ამბები