თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ახალი კოდექსის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ განმარტავს და ამტკიცებს, რომ მთავრობის მიდგომა დისკრიმინაციული არ არის.
მისივე თქმით, მიზანი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.
"აშშ-ის და NATO-ს მხარდაჭერით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების 10-წლიანი გეგმა და სწორედ ამისთვის, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. თავდაცვის კოდექსი კი ემსახურება ერთიანი, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას.
ჩვენ ვქმნით სხვადასხვა მოტივაციას - ეს იქნება ანაზღაურების კუთხით, ასევე, სხვადასხვა ფორმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის, რაც ხელს შეუწყობს და მოქნილი იქნება ახალგაზრდებისთვის. მათთვის, ვინც სწავლობს, მუშაობს და ასე შემდეგ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ჯარს კი არ ვავსებთ წვევამდელებით, არამედ პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს თავისი მნიშვნელობა და ვაძლიერებთ ამ მიმართულებას, მეორეს მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება აქტიური, მომზადებული რეზერვი. მხოლოდ "გირჩი" რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს თავდაცვის კოდექსს. ბოროტება და მავნებლობაა, როდესაც თავდაცვის კოდექსს ასეთ იარლიყებს მიაწებებ," - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.