27 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
სტიქიის შედეგები რეგიონებში - უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისში საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები დაიტბორა

იუსტიციის სახლი, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები - ქუთაისში დატბორილი სახლებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან სამაშველო სამსახური წყლის ამოტუბვას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. ძლიერმა სტიქიამ ქალაქის რამდენიმე უბანი დატბორა,  წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ მეტრს მიაღწია და პირველი სართულები სრულად გაანადგურა. წვიმის წყალი შევარდა იუსტიციის სახლშიც, რომელიც ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

სტიქიას უკვე მეორე კვირაა ებრძვიან სამეგრელოშიც. ძლიერი წვიმის შედეგად ამჯერად სენაკი დაიტბორა. წყალი შევარდა სახლების პირველი სართულებზე. ცენტრალურ ქუჩებზე კი, მოძრაობა შეუძლებელი იყო.

იმერეთის მსგავსად სამეგრელოშიც სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო ორივე რეგიონის ზარალის დათვლა.

უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა ქუთაისში წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს შეუქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა შენობების პირველი სართულები. წყლის დონემ სახლებში 1 მეტრს მიაღწია.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მოსახლეობის ნაწილი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. 

სტიქიის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იუსტიციის სახლიც. დაიტბორა შენობის ნაწილი. მოსახლეობა მომსახურებას მოძრავი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით იღებს. მოვარდნილმა წყალმა, პროკურატურის შენობის სარდაფშიც შეაღწია.

იმერეთის მსგავსად, სტიქიას ებრძვის სამეგრელოც. ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები. განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა ცენტრალური გზებიც. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში, სპეც ტექნიკა მუშაობდა. მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, გაწმენდით სამუშაოებში პრემიერ მინისტრის მიერ ინიციირებული "სოციალურად დაუცველთა და დასაქმების პროგრამის ფარგლებში"" დასაქმებული პირები ჩაერთნენ. სტიქიის ზონაში ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა, ორივე რეგიონში უკვე დაწყებულია.

დღის ამბები