19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - რას უყვებიან საბერძნეთში მცხოვრები ქართველები "კურიერს"

საბერძნეთის ზღვისპირა საკურორტო სოფელი სარონიდა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.

ძლიერი ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ათენის მახლობლად ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბური ტერიტორიები დაიწვა ანავისოსა და ლაგონისში. ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო, ადგილობრივებმა კალივიადან ცხენები სატვირთო მანქანებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს საზაფხულო ბანაკში მყოფი დაახლოებით 1200 ბავშვი და სარეაბილიტაციო ცენტრის მაცხოვრებლები. ტყის ხანძარი ზღვისპირა კურორტ ლუტრაკის მახლობლად გაჩნდა. ქვეყნის მასშტაბით 81 აქტიურ ცეცხლის კერას ასობით მეხანძრე, ათობით სამხედრო ებრძვის. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 68 სახანძრო მანქანა, 10 თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი.

"კურიერი" საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა. მათი თქმით, მდგომარეობა ზღვისპირა კურორტებზე საგანგაშოა, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაადგილდნენ იმ უბნებში, სადაც ხანძრის საშიშროებაა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში. გასული კვირის ბოლოს საბერძნეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, სიცხის გამო აკროპოლისი დაიხურა.

ძლიერ ხანძარს ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ესპანეთში ლა პალმაზე ცდილობენ. ხანძარია შვეიცარიაშიც.ქვეყნის სამხრეთში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ათობით მეხანძრეა ჩართული. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრები.

დღის ამბები