აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. მათი ნაწილის თქმით, მიუღებელია მსგავსი მეთოდებით ქვეყნის ინტერესების დაზიანება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებით საბოლოო ჯამში ქვეყანა ზიანდება.
"საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია, არავის მხრიდან, ეს უბრალოდ არ შეიძლება. გავიგე, რომ ვიღაც თვლის, რომ ვიღაცა თუ დასანქცირდება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, სამწუხაროდ, ქვეყანა ზიანდება ხოლმე საბოლოო ჯამში," - აცხადებს ანა ბუჩუკური.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ლობიზმში რომ დიდი ხანია ბევრ ფულს ხარჯავენ, ცნობილია.
"ჯერ ის ჯანმრთელობის არგუმენტი იყო, რომელიც ცალსახა იყო თავიდანვე რომ ვერ იქნებოდა წარმატების ფორმულა. ხოლო, ლობიზმში რომ დიდი ხანია ბევრ ფულს ხარჯავენ, ესეც ცნობილია. დასანქცირებას რომ ითხოვენ, ამაში ახალი არაფერი არ არის. აქ მისივე თანაგუნდელები ღიად ითხოვენ დასანქიცებას. ადამიანი, რომელიც ციხეშია, მას მორალური უფლება აქვს თავი დააღწიოს ციხიდან და ამიტომ, ბევრ რაღაცაზე წამსვლელია. მაგრამ, ის რომ ზოგადად მიხეილ სააკაშვილის საკითხმა გადაგვაყოლა უკრაინასთან ურთიერთობას, ევროპელებთან ურთიერთობას, რომ ეს არის ის, რაზეც გვიწევს ლაპარაკი და რის გამოც ფუჭდება ხალხთან ურთიერთობა, ეს ცხადია. ბუნებრივია, როცა ფული იფლანგება არასწორ მიზანზე, ეს ყველასთვის დამაზიანებელია," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.