19 მაისი 2024,   06:23
ვრცლად
ფულის გამოძალვა ე.წ. კანონიერი ქურდის შვილის სახელით - "გრიშიჩის," "თეოფილიჩის" და კიდევ ერთი "ავტორიტეტის" კრიმინალური საქმის დეტალები

ფულის გამოძალვა ე.წ. კანონიერი ქურდის შვილის სახელით - ჭიათურელი "გრიშიჩი" და "თეოფილიჩი" მცირე მეწარმეს 1000 დოლარის მიცემას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულს, როგორც მინიმუმ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, იყო მკვლელობის მუქარაც. "კურიერის" ინფორმაციით, შავი სამყაროს სახელით ფულის გამოძალვაში მთავარ როლს ე.წ. კანონიერი ქურდის გრიშა დარბაიძის ვაჟი ბესო დარბაიძე, იგივე "გრიშიჩი" ასრულებდა, მას დახმარებას უწევდა კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ასანიძის დისშვილი მუხრან აბესაძე, იგივე "თეოფილიჩი" და კონსტანტინე კირკიტაძე.

იმ შემთხვევაში, თუ 26 წლის დაზარალებული მათ ფულს არ მიუტანდა, შავი სამყაროს წარმომადგენლები მათ ე.წ. შოჩიკის ჩართვით ემუქრებოდნენ. პოლიციის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში ისმის ფრაზაც - "26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში, ახლა გამოვედი, ქურდის შვილი ვარ ძმაო, ფული მოიტანეთ, ცოცხლად დავმარხავ, მანქანა დაალომბარდე". ბრალდებულებმა მეწარმისგან თანხის გამოძალვა ვერ მოასწრეს, სამივე მათგანი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა.

იქ, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები ჩაატარეს, "კურიერი" მივიდა. საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე ერთ-ერთი დაკავებულის, ბესარიონ დარბაიძის ოჯახმა ისაუბრა. ძმა ჰყვება, რომ პოლიცია მათ სახლში დილას მივიდა და საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა.

სპეცოპერაციის შესახებ ადგილობრივებმაც იციან. "კურიერი" იმ პირებს ესაუბრა, რომლებიც დაკავებულებს კარგად იცნობენ. რა მოტივით სძალავდნენ თანხას ბიზნესმენს - მეზობლებს საკუთარი ვერსია აქვთ.

დაკავებული სამივე პირი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მათ ჰყავს ინტერესების დამცველიც, თუმცა ადვოკატი ჯერ მტკიცებულებებზე არ საუბრობს. გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები