19 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება - რა პროცედურები უნდა გაიაროს პაციენტმა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია. განაცხადებს სპეციალური ბორდი განიხილავს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ უცხოეთის რომელიმე კლინიკაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე განმარტავს, რომ განაცხადის შემტანმა პირმა თან უნდა იქონიოს საკუთარი და ბავშვის პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობის დოკუმენტი და ჯანმრთელობის ისტორია, რომელიც იქნება ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

"განმცხადებელმა პირმა უნდა იქონიოს თან მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა და რაც მნიშვნელოვანია - ჯანმრთელობის ისტორია, იგივე ფორმა ასი, რომელიც იქნება ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ასევე, სხვა ნებისმიერი დიაგნოსტიკური თუ ლაბორატორიული შედეგები, რომელიც ასევე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად იმისთვის, რომ პარტნიორ კლინიკებმა რაც შეიძლება მკაფიო სურათი შეიქმნან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 300 ბავშვს ესაჭიროება ეს თუ ის სამედიცინო სერვისი, ამაში შედის როგორც ახალი, ასევე მიმდინარე შემთხვევები და მათზე მოხდა ბიუჯეტის გაანგარიშება კლინიკებიდან მოწოდებული ფასების საფუძველზე, საერთო ბიუჯეტის, რომელიც არის 30 მილიონ ლარამდე," - აცხადებს სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე.

დღის ამბები