ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰექტრობით მიწა სახელმწიფომ მას 11 ლარად გადასცა, ტყუილია.
როგორც დავით ხიდაშელმა აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.
"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს", - აცხადებს ბიზნესმენი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების გასავრცელებლად ბრიფინგის ჩატარება მიუღებელია და საზოგადოების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ექნება.
"რაღაც თავიანთი მოსაზრებების გამო ბრიფინგი ჩაატარონ და რაღაც პოლიტიკური სარჩული მისცენ ამ ტიპის ქმედებებს, რა თქმა უნდა არის მიუღებელი და საზოგადოებაში არანაირი რეაქცია არ ექნება. პარლამენტის წევრი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ბერკეტები რეგლამენტის შესაბამისად, ეს იქნება მინისტრის დაბარება, იქნება ეს შეკითხვის დაწერა თუ ნებისმიერი ტიპის თანამდებობის პირისთვის კითხვის დასმა, რა თქმა უნდა ბრიფინგის ნაცვლად ისინი უნდა დაკავდნენ ასეთი ქმედებებით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 1.4 პროცენტი, დავით ხიდაშელს ყოველგვარი პირობების გარეშე გადაეცა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხი არ შესწავლილა.
"საქართველოს ტერიტორიის 1.4 პროცენტი, ხიდაშელს გადაეცა ყოველგვარი პირობების გარეშე. ამ ტერიტორიების გადაცემისას არ გამოიკვეთა, რომ რაიმე სახის შესწავლა ხდებოდა რუსეთის საზღვარზე მყოფი ტერიტორიების გადაცემისას უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისით არ შესწავლილა. არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოს დაცვითი საკითხები და გარემოს დაცვითი უფლებები", - განაცხადა თამარ კორძაიამ.