19 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
კმაყოფილი ვარ, მოულოდნელი არ იყო, მე დიდი ხანია ველოდებოდი ამ განჩინებას - როინ შავაძის მეუღლე

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა იმჟამინდელი კუდ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ გამოცხადდება. ეს პირები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც, ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანარჩენი 8 დაკავებულის - კუდ-ის თანამშრომლების მიმართ კი, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დაკავებული სპეცრაზმელები 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები არიან და მათ თავიანთი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს დაკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

"ხელისუფლებამ დააკავა სპეცრაზმელი, ადამიანები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს იცავდნენ, ადამიანები, ვინც რუსულ აგრესიას აკავებდა.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს - ჯერ ჩვენ მასალები არ გადმოგვცემია, შესაბამისად, კონკრეტული კომენტარის გაკეთება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გამიჭირდება, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები, ეს სპეცრაზმელები, წლების განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე, როდესაც კი გამოიძახეს დასაკითხად, არაერთგზის იმყოფებოდნენ დაკითხვაზე და ყოველთვის ჰქონდათ ერთი მკაფიო პოზიცია - რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

როინ შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მისთვის განჩინება მოულოდნელი არ ყოფილა.

"ვნახავ, გამოძიება როგორ წარიმართება. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მოულოდნელი არ იყო, მე დიდი ხანია ველოდებოდი ამ განჩინებას,"- განაცხადა ციცინო შავაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო, უწყების ცნობით, 2 პირის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები