15 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და შეხვედრა სი ძინპინთან - საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს პირველად შეხვდა. ისტორიული ვიზიტის მეორე დღეს სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკება ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ჩინეთის ლიდერმა პრემიერს უმაღლეს დონეზე დაუდასტურა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობრობაზე და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას, საერთაშორისო ასპარეზზე ცვლილებები ვერ მოახდენს.

სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება. 

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფაზა, რომელიც პოლიტიკური თანამშრომლობის დინამიურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნებს სარგებელს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითაც მოუტანს. სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აბრეშუმის სავაჭრო გზა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს ხელსაყრელ შანსს, გახდეს ერთგვარი ხიდი აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის. როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. შუა დერეფნის კონტექსტში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაზრდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, სწორედ ამ მიზნების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებითაც. მთავრობის მეთაურმა საკუთარ "ფეისბუკ" პოსტში დაწერა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება.

უკვე მეორე დღეა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრას აქტიურად აშუქებს ჩინური მედია. ადგილობრივი გამოცემები და ტელევიზიები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩენგდუში ზაფხულის 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნას დაესწრო. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 40 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. სტუდენტი სპორტსმენები, ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა ძიუდო, წყალბურთი, წყალში ხტომა და ცურვა. ჩენგდუში სი ძინპინმა ჩასულ უცხოელ ლიდერებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ სადილზე ვაჟა აზარაშვილის ნოქტურნი შესრულდა.

დღის ამბები