19 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
გლობალური დათბობის შედეგები მსოფლიოში - კლიმატის ცვლილებები ჯო ბაიდენმა ეგზისტენციალურ საფრთხედ დაასახელა

ჩინეთის პროვინცია ფუჯიანიში ძლიერი შტორმის შედეგად, 880 000 ადამიანი დაზარალდა. დაიტბორა სახლები, მეტროს სადგურები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მილიონობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ მეწყერიც გამოიწვია. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ამ დროისთვის, თავშესაფრებში 35 000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

საბერძნეთი კი, ხანძრებს 2 კვირაზე მეტია ებრძვის. ცეცხლის კერებმა ერთ-ერთი საბრძოლო მასალის საწყობამდე მიაღწია. აფეთქებისგან გამოწვეული ტალღების შედეგად ჩაიმსხვრა სახლების ფანჯრები. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამოქალაქო დაცვის მინისტრის შეფასებით ცეცხლის კერების უმეტესობა ადამიანებმა გამოიწვიეს, ამას ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელიც ემატება რის გამოც მხოლოდ 10 დღის განმავლობაში ხანძრის 667 კერა დათვალეს.

ძლიერი სიცხის ტალღების გამო, ქვეყანაში საზოგადოებას 12-დან 5 საათამდე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. როგორც საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ნინი წივწივაძე "კურიერს" უყვება, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული რეგულაციები, საზოგადოების პანიკას იწვევს.

ეგზისტენციალური საფრთხე - ასე შეაფასა კლიმატის ცვლილებები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი სიცხესთან გასამკლავებელი ზომების განსახილველად იმ ქალაქების მერებს შეხვდა, რომლებიც სითბურმა ტალღებმა ყველაზე მეტად დააზარალეს. ქვეყანაში აქტიურად განიხილავენ იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც გლობალური დათბობის დროს ყველაზე მოწყვლადები არიან.

გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარი დნება შვეიცარიაში მატერჰორნის მთაზე. ყინულის საფარის ლღობასთან ერთად ათეულობით წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების ნეშტებიც გამოჩნდა. ამ ადგილზე იპოვეს დაკარგული 38 წლის გერმანელი მთამსვლელი, რომელიც 1986 წელს ლაშქრობაში წასვლის შემდეგ გაუჩინარდა. გარდაცვლილის ვინაობა დე ენ ემის ანალიზის ჩატარების შედეგად დადგინდა. გლობალურ დათბობას აქტიურად განიხილავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. გაეროს შეფასებით 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები