საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს პასუხობს, რომელიც მმართველ გუნდს, რუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებს.
გია ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში იქმნება სამუშაო ადგილები, შეუდარებლად გაიზარდა სოციალური პაკეტი და ზრუნავენ ბავშვებზე, რომლებსაც ვაშაძის ზეობის პერიოდში ყურადღებას არავინ აქცევდა.
მისი განმარტებით, პარტიას აღმაშენებელი რომ დაარქვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს ააშენებენ.
"სამუშაო ადგილები იქმნება დღეს, შეუდარებლად დიდი სოციალური პაკეტია, ვიღაცა ბავშვებზე ზრუნავს, რომელთა მიმართ დამოკიდებულება, ვაშაძის ზეობის პერიოდში იყო ნულის ტოლი. გინდ სოციალურ პაკეტზე მსჯელობა, გინდ უსაფრთხოებაზე, გინდ რუსეთთან მიმართებაში გამყიდველი პოზიცია ჩამოაყალიბეს და შედეგები აგერ სახეზე გვაქვს და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. რა საქმეზე უნდა ველაპარაკოთ დანარჩენზე, პარტიას აღმაშენებელს რომ დაარქმევ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს ააშენებ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.