სტიქიის განმეორების საფრთხე არ არის - ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიის შესწავლა გეოლოგებმა დილიდან დაიწყეს. მანვე განმარტა, რომ სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი პროცესის ერთდროულად განვითარებამ გამოიწვია.
"მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ახლობლები და, ასევე, იმედი გამოვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც, ამ დროისთვის, დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და დაუბრუნდებიან ჯანმრთელები თავის ოჯახის წევრებს. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე, ამ ეტაპზე, არ არსებობს.
სამწუხაროდ, დაემთხვა ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია, პრაქტიკულად, უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა რაჭაში. ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და ის ეროზიული პროცესები, რომლებიც კლიმატის ცვლილების პარალელურად ვითარდება, სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში. ასევე, ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც, ასევე, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც გვაქვს ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა.
ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უდიდესი უბედურება გადაექცია რაღაც პოლიტიკურ აქტივად, ეს არის მავნებლობა, მეტი არაფერი, ადამიანების ნერვებზე თამაში და ძალიან ბოროტად სარგებლობა საკუთარი უფლებით, რომ ისაუბრონ და თავს მოახვიონ ადამიანებს ის მცდარი შეხედულებები, რომლებსაც ისინი ეთერებიდან ქმნიან," - განაცხადა მაია ბითაძემ.