15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ეს არის მთელი ერის ტრაგედია, მასშტაბიც არის გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი - მიხეილ სარჯველაძე

სტიქიის ზონაში, შოვში სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობაზე კომენტარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში საკმარისზე მეტი რესურსია მობილიზებული.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი განმარტავს, სამუშოების მიმდინარეობისას არაფერი იკვეთება იმის მაჩვენებელი, რომ რაიმეს გაკეთება იმაზე ადრე იყო შესაძლებელი, ვიდრე კეთდება.

"ეს არის მთელი ერის ტრაგედია, რაც ვნახეთ. მასშტაბიც არის გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი. მთელი ეს მოედანი, სადაც ჩამოვიდა ეს მასა, არის უბრალოდ არანორმალური მასშტაბების.

რაც შეეხება მდგომარეობას იქ არსებულს - აქ არის ალბათ პირველი საკითხი ამ წუთას რაც არის, საძიებო სამუშაოები გარდაცვლილი ცხედრების, ან იქნებ ვინმე ცოცხალი იყოს, ღმერთმა ქნას ასე იყოს და ეს პროცესი მიმდინარეობს.

ჩვენ ადგილზე რაც დავაკვირდით პროცესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველგან, სადაც ფაქტობრივი, ბუნებრივი, ფიზიკური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს. სრული რესურსი, საკმარისზე მეტი რესურსი არის მობილიზებული.

ახლა რომ მაგალითად იქ მიმდინარეობს, რომ რაღაცა უბნებზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ იქ იმუშაოს ტექნიკამ ან ადამიანმა, ეს პირველივე წუთებში შესაძლებელი არ ყოფილა. არ მგონია, უბრალოდ არაფერი არ იკვეთება ისეთი, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება უფრო ადრე გაკეთებულიყო, ვიდრე რეალურად კეთდება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები