პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადება შეაფასა, რომელიც წერს, რომ "არსებული მდგომარეობით, იქნება რეკომენდაციები, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
სარჯველაძის შეფასებით, ანალიტიკურ, მედია და პოლიტიკურ წრეებში ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალურად, საქართველოს აქვს პოტენციალი და ყველა კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საჭიროა საბოლოო ოფიციალურ შეფასების დალოდება.
"ანალიტიკურ წრეებში, მედია წრეებში, პოლიტიკურ წრეებში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ და საუბრობენ იმის თაობაზე, რომ რეალურად, საქართველოს აქვს პოტენციალი და ყველა კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არის ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება, ან გარემოება, რომელიც მიანიშნებს, რომ რეალურად , ის რასაც ვსაუბრობდით - რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურ შეფასებას უნდა დაველოდოთ. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება ხდება ყველა საკითხზე ერთობლივი მუშაობის და ამ დროს, ოპოზიცია ჩვენს მიერ წარდგენილ არგუმენტებს წიხლს კრავს, ასეთ დროს ეს ევროპისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება და შეფასების დროს ესეც ასახული იქნება შეფასებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.