ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას "სტრატეგია აღმაშენებელიც" ეთანხმება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია კომისიამ დაადგინოს რა მოხდა რაჭაში და იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური სახელმწიფოს მხრიდან.
"ხომ ამბობენ, რომ წინასწარი პრევენციის სისტემა ვერ იმუშავებდა? საგამოძიებო კომისია დაადგენს რომ ვერ იმუშავებდა და გამართლდება ხელისუფლება, უკეთესი არ არის? თუ ის დადასტურდება, რომ კოტეჯებზე ნებართვები კომუნისტების დროს იყო გაცემული და ისინი არაფერ შუაში არ არიან, თუ დადასტურდება, რომ ვერტმფრენის დაგვიანება არანაირი ზიანი არ მოუტანა ამ ყველაფერს, უკეთესი არ არის? პირიქით, იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აქვს, თუ დამაჯერებელ არგუმენტებს მოიტანს ხელისუფლება, უკეთესი არ არის?" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.
"სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში. რამდენი გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, უნდა რომ საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქციები და რეგლამენტს უნდა წაკითხვა და თუ ჩახედავენ იქ, დაინახავენ რა შემთხვევაში იქნება საგამოძიებო კომისიები პარლამენტში. მანამდე, უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნია პარლამენტის წევრებს, ეს არის შეკითხვა მინისტრთან, ეს არის დაბარება კომიტეტის ფორმატში, საპარლამენტო ფორმატში და ა.შ. უამრავი ბერკეტი არსებობს იმისათვის, თუ რაიმე ტიპის კითხვები კიდევ არსებობს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში კითხვები უფრო მეტად გაჩნდა იმ საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკოსების მიმართ და არასამთავრობო სექტორების მიმართ, რომლებსაც გაუქარწყლდათ ის ე.წ. ნარატივები, რის შექმნასაც ისინი აპირებდნენ," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი.