"ლელოს" მოთხოვნას რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებით, სხვა პარტიებიც უერთდებიან.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციას ურჩევენ, რიკოთის ტრასის პროექტთან დაკავშირებულ საჯარო დოკუმენტებს გაეცნონ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ვინაიდან რიკოთის პროექტში უცხოელი დონორები არიან ჩართულნი და მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს.
"ვურჩევდი ოპოზიციას პირდაპირ, რომ მართლა გულწრფელად თუ აქვთ კითხვები და არ იღვწიან, რომ პოლიტიკური შოუები მოაწყონ - თუ ეს არ არის მათი ნამდვილი მიზანი, წაიკითხონ ის დოკუმენტები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. თუ ვინმეს ეს კითხვა ეზარება, ეს სხვა პრობლემაა. მაგრამ, აქ არც სიზარმაცეშია პრობლემა, რეალურად კითხვა არ გააჩნიათ ამასთან დაკავშირებით და არავითარი პრობლემა და შეკითხვა არ იბადება. უბრალოდ მათ აქვთ სურვილი, ამ თემაზე გრძნობენ, რომ შეიძლება საქმეში ჩაუხედავ ადამიანთან მიმართებაში გასაქანი მისცენ პოპულისტურ განცხადებებს და აქედან გამომდინარე, გამოდიან ვითომ ასეთი ცნობისმოყვარეობით. მათი ამოცანა არის, რომ გამართონ პოლიტიკური წარმოდგენა და სპექტაკლი.
იმ პროექტში, რომელსაც ამხელა დონორები ახორციელებენ და ამხელა დონორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, აუდიტირების, მონიტორინგის, შესწავლის და შეფასების პრობლემა რომ არ ექნება, ამასთან დაკავშირებით მე მგონია, რომ კითხვები არ უნდა ჰქონდეთ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მმართველი გუნდის შეფასებით, მათი ოპონენტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობენ.
"ოპოზიციამ შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დაიწყო სპეკულირება. ცუდი ტენდენციის შენარჩუნება უნდათ მათი გაგებით, ახლა გადავიდნენ რიკოთის უღელტეხილზე. ამ სპეკულაციით ცდილობენ, რომ შეაფერხონ პროექტის მიმდინარეობა, დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც მათი მთავარი მიზანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე არ გაჩერდებიან, შემდეგი დისკრედიტაციის ობიექტი გახდება ანაკლიის პორტი. აღმშენებლობა, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს უნდა იყოს შეჩერებული - ეს არის მათი მიზანი," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
საკითხზე განმარტება ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად და შოვის ტრაგედიის ფონზე ეს მიუღებელია.
"მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ყველაზე მიუღებელი ამაში არის, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება, რაღაც ისეთი სიცრუის მოყვანა, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს. ყველა თქვენც აქ ხართ, ჩვენც აქ ვართ, ყველა ერთად ვართ და ყველა ერთად განვიცდით, რაც აქ ხდება და ამ ფონზე, ნამდვილად, ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი," - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
ავტორი: ანა ბუავა