გიგა მურვანიძეს, 15 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება დღესაც უმძიმს. უმცროსი სერჟანტი იმ 5 ჯარისკაციდან ერთ-ერთია, რომელიც შინდისის ბრძოლის დროს გადარჩა. ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლას, სიცოცხლე 17-მა გმირმა მეომარმა შესწირა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ისინი მტრის მოტომსროლელთა ბრიგადას წინ აღუდგნენ. შინდისში, რკინიგზის სადგურზე, 22 ქართველი ჯარისკაცი ბოლო წუთამდე იბრძოდა.
შინდისის გმირების თავგანწირვაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შინდისში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ომში დაღუპული გმირების ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა. მემორიალთან დღეს, ჯარისკაცების მშობლები, ნათესავები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
შინდისში დაწერილი გმირობის ისტორიიდან ერთ-ერთი რომან ზოიძის ეპიზოდია. ზოიძე შინდისში ნათლიასთან, ალექსანდრე ონიანთან ერთად იბრძოდა. მძიმედ დაჭრილებმა, ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი ამჯობინეს.
შინდისის ყველა გმირს საკუთარი ისტორია აქვს. ისტორია, რომელიც ომამდე და ომში დაწერეს. მშობლების ემოციები მძაფრია. იხსენებენ 15 წლის წინანდელ მოვლებს და საკუთარი შვილებით ამაყობენ.
უთანასწორო ბრძოლაში, შინდისში მიმდინარე შეტაკების დროს დაღუპულ ჯარისკაცებს იხსენებს თავდაცვის მინისტრი. ამბობს, რომ ქართველმა გმირებმა, მსოფლიოს გაუტეხელობის მაგალითი აჩვენეს.
ქართველი სამხედროების გმირობისა და თავგანწირვის ისტორიებზე საუბრობენ უმრავლესობის წევრებიც. ამბობენ რომ შინდისის გმირების მაგალითზე თაობები იზრდებიან.
გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა. მემორიალთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციელებთან ერთად მივიდა. გმირების ხსოვნას პატივი მიაგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ. იმ ადგილზე, სადაც მებრძოლებმა ქვეყნის ინტერესების დაცვას თავი შესწირეს, მთელი დღე ხალხმრავლობა იყო. დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად დღეს, რიგითი მოქალაქეები იხსენებდნენ.