15 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფი, ისრაელში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ისრაელში იმყოფებოდა. 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.

ჯგუფის წევრები, ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დავიდ ბიტანს, ქნესეთის კომიტეტებისა და ისრაელის მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან და სხვადასხვა სექტორში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ისრაელის მხარემ, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის წინადადებას, რომელიც ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას და ქნესეთის ეკონომიკური განვითარების კომიტეტში საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენის გამართვას გულისხმობს.

ქნესეთის სპიკერმა, ქართულ მხარესთან დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ასევე ესტუმრნენ ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის - აშდოდის პორტს და ქალაქის მერს იეჰილ ლასრისას შეხვდნენ. ქართულმა მხარემ მასპინძლებს ანაკლიის პორტის ახალ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. გამოითქვა ინიციატივა გურჯაანისა და სიღნაღის ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების თაობაზე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ თეოფილოს მესამემაც უმასპინძლა. შეხვედრებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, დავით სონღულაშვილი, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ხატია წილოსანი, ქეთევან თურაზაშვილი. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.

დღის ამბები