15 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
გომელაურის განცხადებით, 3 ახალი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, პირველი ვერტმფრენი კი საქართველოში მარტში ჩამოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა. ვახტანგ გომელაური სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა სტიქიის ზონა როგორც ვერტმფრენით, ასევე ფეხით დაათვალიერა, ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და სამძებრო ღონისძიებებს დაესწრო.

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი სტიქიის ეპიცენტრიდან, ონში საგანგებო ოპერატიულ შტაბში მივიდა, სადაც სამუშაო შეხვედრა გამართა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.შინაგან საქმეთა მინისტრი, შეხვდა მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული და დაკარგული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უწყების ხელმძღვანელმა მედიასთან კომენტარი სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების გარდა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც. უწყების ხელმძღვანელის თქმით, 3 ახალი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, პირველი ვერტმფრენი კი საქართველოში მარტში ჩამოვა.

"ვერტმფრენს შეუძლია აფრენა, თუ მთებში არის რისკის ფაქტორი. შეუძლია ღამე აფრინდეს თუ ღია ადგილია, ვთქვათ ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს, ასევე ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს, რელიეფს გააჩნია, თუ არის მთა-გორიანი, თუ მართლა გადაუდებელი არის შეუძლია იქაც გარისკონ.

ღამე ხედვა არ არის, ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება რაღაცას წამოედო რაც მოხდა, სამწუხაროდ, ყაზბეგში იქაც გარისკეს პილოტებმა იმიტომ, რომ ადამიანი სიცოცხლეს ებრძოდა, თუმცა მოხდა უბედურება, იგივე შეიძლება განმეორდეს და როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს ან მდინარე ადიდდეს რატომ უნდა გარისკოს?!

სამი ახალი ვერტმფრენია შეძენილი, საფრანგეთში შევიძინეთ, რიგებია, ამაზე თვეებია ვმუშაობთ. უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, სწავლება უნდა პილოტებს, რომ გადაამზადონ. მერე აღარ მოხდება?! - იგივე ვერტმფრენია, ამასაც შეუძლია იგივე გააკეთოს რაც იმას შეუძლია. ტექნიკურად ყველანაირად გამართულია, ავიაცია არც თვითმფრინავი არც ვერტმფრენი, არცერთი პილოტი არ აფრინდება თუ გამართული არ არის. ტექდათვალიერება უტარდება ყოველ წელს და ჩათვალეთ ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ , ვიყიდეთ ახლები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები