15 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რაღაც დასამალი აქვს - ანა წითლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ რაჭის ტრაგედიის შესახებ მნიშვნელოვანია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასევე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლება საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რაღაც დასამალი აქვს.

"ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული, რაზეც ხელისუფლების პოზიცია არის ის, რაც არის. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რაღაც დასამალი აქვს.

შს მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს.

რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამე დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მოახდინოს შესაბამისი პრევენცია, ეს არის ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ დავუსვამთ საქართველოს შს მინისტრს და შს მინისტრს მოუწევს ინტერპელაციის წესით ამ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, საგამოძიებო კომისია ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და გაუგებარია რატომ უნდა იყოს ვინმე ამის წინააღმდეგი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან.

"საგამოძიებო კომისია ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და კომპლექსურად იძლევა საშუალებას, რომ ყველა უწყების ქმედება, პასუხი, რეაგირება იქნას გაანალიზებული და გამოძიებული.

მე არ მესმის რატომ უნდა იყოს ვინმე წინააღმდეგი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან. ფაქტი არის ის, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ შეიქმნას ეს კომისია, თუნდაც სხვა ოპოზიციური პარტია, ამ შემთხვევაში გახარიას პარტიაც რომ დათანხმდეს, ამას ქართული ოცნება არ იზამ", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივნის ლანა გალდავას განცხადებით, საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხში, ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია.

"ამ საკითხში ერთიანობა მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენ ვიქნებით მომხრე და მხარდამჭერი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის. დადგინდება ჭეშმარიტება იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თავდაპირველად კრიზისის პრევენცია და შემდეგ უკვე ამ კრიზისის მართვა და გატარდა თუ არა ეფექტური ღონისძიებები", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები