15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
სრულიად ალოგიკურია, რომ შსს, რომელსაც ევალებოდა რეაგირება, თავადვე იძიებდეს, თავის შესაძლო დანაშაულს - თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია-ს” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვის ტრაგედიაზე ჭეშმარიტების დასადგენად და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა ინტერპელაციის წესით მოხდეს შს მინისტრის პარლამენტში დაბარება და საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან სრულიად ალოგიკურია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად იძიებდეს საკუთარ შესაძლო დანაშაულს.

ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებაში არსებული კითხვების ამოსაწურად ერთი ინტერპელაციის წესი საკმარისი არ იქნება, მაგრამ ოპოზიცია ვალდებულია ეს კითხვები ყველა ფორმატში დასვას და ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოიყენოს.

"ერთი ინტერპელაციის ფარგლებში, ამ კითხვების ამოწურვა ბუნებრივია ძალიან რთული იქნება. თუმცა ჩვენი ვალია, რომ ეს კითხვები ყველა ფორმატში დავსვათ, ყველა საპარლამენტო ბერკეტი ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის გამოვიყენოთ. ინტერპელაციასთან ერთად და იმ მიზნით, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გაეცეს პასუხი და გამოვლინდნენ კონკრეტული დამნაშავეები, მათი არსებობის შემთხვევაში, რაზეც უკვე არაერთი ფაქტი მიანიშნებს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობაზე. ამის დასადგენად, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა. სრულიად ალოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ევალებოდა რეაგირება, თავადვე იძიებდეს, თავის შესაძლო დანაშაულს - ეს არის ნონსენსი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რადგან ეს ინიციატივა ამ მომენტისთვის უბრალო საბაბია იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ იხმაუროს.

"მე "ლელო" სულ მაოცებს, რა დროს პროკურატურაა. როგორ შეიძლება პოლიციას არ ენდობოდე და პროკურატურას ენდობოდე. რაღაცნაირ აბსურდს აქვს ადგილი, როდესაც ადამიანები ენდობიან ინსტიტუციებს ერთ მომენტში და მეორე მომენტში არ ენდობიან. მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ. მე რასაც დავაკვირდი, შოვის ტრაგედია იყო ყველა მხრიდან პოლიტიზებული, ყველა საკითხი იქნება ეს ინტერპელაცია თუ საგამოძიებო კომისია, ვუყურებ როგორც დამატებით საბაბს ამ თემაზე ილაპარაკონ. მე არ მჯერა, რომ კომისია შეიქმნება, ეს ამ მომენტისთვის უბრალო საბაბია, რომ კიდევ ერთხელ "ნაციონალური მოძრაობა" გავიხსენოთ, მეტი არაფერი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

დღის ამბები