15 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საქართველო-ისრაელის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ეკონომიკური პროექტები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს თელ-ავივში, პრემიერის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. სახელმწიფო ლიდერებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული კავშირების გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ნაყოფიერი ურთიერთობის გამოცდილებაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ერს შორის ურთიერთობების უფრო მაღალ ნიშნულზე გადაყვანის შესაძლებლობას მიესალმა.

ორ მეგობარ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმაც. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, 26 საუკუნოვანი კავშირის შედეგია ის, რომ ებრაული თემი მუდმივად გრძნობდა მხარდაჭერას ქართული საზოგადოების მხრიდან.

პირისპირი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებული ფორმატების შეხვედრებზე გადაინაცვლეს. ეკონიმიკური და სავაჭრო ურთიერთობების გარდა განსახილველ საკითხებს შორის მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები იყო.

ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის გარდა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი ეს კავშირები სხვა ჭრილში გადავა.

ის, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ კავშირს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაიწყებაა.

დღეს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები უფრო გაძლიერდება.

"ახალი იმპულსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში" - ასე აფასებს საქართველოს პირველი დიპლომატი პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ისრაელში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრები, რომელიც შედგა, კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება.

პოლიტიკური, სამხედრო, თავდაცვის და რეგიონალურ საკითხებში თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებებია, თუმცა ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რაც მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოვებას ითვალისწინებს.

პოლიტიკურად დატვირთული შეხვედრების შემდეგ პრემიერი დღესვე იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა. თეოფილე მესამემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. იერუსალიმის პატრიარქმა დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატება უსურვა. პირისპირ შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მოკითხვა დააბარა. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელში ვიზიტით მეორედ იმყოფება. სამომავლო სტუმრობაზე მიპატიჟება ბენიამინ ნეთანიაჰუსგან პირადად უკვე მიიღო. თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის პრემიერი საქართველოში მოიწვია.

დღის ამბები