19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსი მაინც იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის - პაპუნა მარგველიძე

შოვის ტრაგედიიდან მე-18 დღეს სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნის არეალი 60 კილომეტრზე მეტია. ჯერ კიდევ დარჩენილია ტერიტორიის რამდენიმე საყურადღებო ფრაგმენტი, სადაც სამძებრო ოპერაციები გრძელდება. იძებნება ექვსი ადამიანი. ცოცხალ ძალასთან ერთად ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკაც.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ დაკარგული მოქალაქეების პოვნის, მცირე თეორიული შანსი იქნება.

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და დამუშავება. პერიმეტრი არის გაზრდილი და კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის,"- განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

დღის ამბები