15 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ოპოზიცია "ლაგუნა ვერესა" და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის განხილვის გადადებას ითხოვს - მმართველი გუნდი ინიციატივას არარელევანტურად აფასებს

ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერიასა და საკრებულოს "ლაგუნა ვერესა" და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე 50-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართავს.

პროექტი დედაქალაქის მერიისგან საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაეგზავნა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროექტი კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს დედაქალაქში და ჯერ სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.

"ჩვენ მივმართავთ თბილისის მერიას და საკრებულოს, რომ გადაიდოს ამ პროექტის განხილვა იქამდე, ვიდრე სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ ტერიტორიის შესწავლაზე. სანამ ჩვენ არ გვექნება კვლევის სრული სურათი, აუცილებელია გადაიდოს ეს პროექტი," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნას არარელევანტურს უწოდებენ მმართველ გუნდში. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმა და არ არის პროექტის საბოლოო ვერსია.

"ეს არის პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია - გეერგეს დავალება. აქ არის ჩამოთვლილი ყველა ის კვლევა, რაზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ, თუ რა უნდა განხორციელდეს და მხოლოდ კვლევების შემდეგ, თუ იქნება დადებითი რეკომენდაცია ან რაზეც იქნება დადებითი რეკომენდაცია, შესაბამისს პროექტს წარმოადგენს შემდგომში დაინტერესებული მხარე. დღეს, გეერგეს დავალების ეტაპზე, ნებისმიერი მსჯელობა არქიტექტორული იერსახეზე თუ ა.შ., არის არარელევანტური," - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

დღის ამბები