ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მუქარა კრემლის ხელში კვლავ პოლიტიკურ იარაღად რჩება. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, მომავალში ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს. რუსეთისთვის მთავარი საფრთხე დასავლეთია. გამოცემა ”არგუმენტი ი ფაქტისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე 2008 წლის მოვლენებსაც იხსენებს.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა - ასე შეაფასა დღის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა დიმიტრი მედვედევის განცხადება. დიპლომატიური უწყების შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველო კონფლიქტის სამშვიდობო გზით მოგვარების პოლიტიკას განუხრელად იცავს, რუსეთს კი მოუწოდებენ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.
დიმიტრი მედვედევის განცხადებას მუქარად და შანტაჟად აღიქვამენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მმართველი ძალაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი მსგავსი პოზიცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსეთს პროვოკაციისა და მუქარის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობას არ მისცემენ.
პოლიტიკური ძალების ნაწილმა, დღეს მედვედევის განცხადებას საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. "ლეიბორისტულმა" პარტიამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერის გაცემისკენ მოუწოდა. პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებაში ხედავს დანარჩენი ოპოზიციაც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას.
საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებაზე აკეთებენ აქცენტს ”ქართულ ოცნებაში” და ამბობენ, რომ მუქარის ტონის ნაცვლად სწორედ მათ აღსრულებაზე უნდა იზრუნოს კრემლმა. მმართველ უმრავლესობაში სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიდგომას ვერც ოკუპანტი ქვეყნიდან გაკეთებული განცხადებები და ვერც სხვა გარემოება შეცლის.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას არ იზიარებენ თავად რუსი პოლიტიკოსები. სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ "აფხაზეთისა" და "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთება არც ისე პოპულარულია და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს. რუსი დეპუტატი "გაზეტა რუსთვის" მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად, საჭიროა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ნებაც.