15 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, პანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, ვმუშაობთ კვლავ - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე, დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ დიმპლომატმა, რომლის მისია საქართველოში უკვე ამოიწურა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

რაც შეეხება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს, კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულება იყოს, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება.

"პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ.

ასევე, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვისაა სასარგებლო, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია.

ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან და წარმატებებიც გვაქვს.

ვიმედოვნებ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ამერიკის მხრიდან უფრო დიდ დაინტერესებას ვნახავთ. ვხედავთ ენერგოკომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები