19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
რთველი აქტიურ ფაზაში შედის - სახელმწიფოს დახმარებით და სუბსიდირებით მევენახეები ხარისხის განურჩევლად ყურძნის სრულად ჩაბარებას შეძლებენ

ყურძნის კრეფა კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროდან დაიწყო. მევენახეების ნაწილმა ცქრიალა ღვინისთვის ყურძენი საწარმოებში უკვე ჩააბარა, თუმცა უმრავლესობას მოსავალი ჯერ არ აუღია. რთველი აქტიურ ფაზაში შედის.

მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი უამინდობის გამო ნაწილობრივ დაზიანდა, სახელმწიფოს დახმარებით და სუბსიდირებით ფერმერები ხარისხის განურჩევლად ყურძნის სრულად ჩაბარებას შეძლებენ. მევენახეები ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ისინი რთველის წარმატებულად ჩატარებისთვის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევენ.

სახელმწიფო პროგრამით წელს კილოგრამი რქაწითელისა და კახური მწვანის ფასი მინიმუმ 90 თეთრით განისაზღვრა. კომპანია, რომელიც ყურძენს ამ ფასში ჩაიბარებს, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან 20 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას მიიღებს. კერძო სექტორმა ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი დაზიანებული მოსავლის შესყიდვაზე უარს იტყვის, ყურძენს სახელმწიფო საწარმო მევენახისგან 90 თეთრად ჩაიბარებს. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი კახეთში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დარეგისტრირებულ საწარმოთა უმრავლესობას საორგანიზაციო საკითხები უკვე მოგვარებული აქვს. მოსავლის დაბინავების პროცესი გამარტივებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

რთველის სუბსიდირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. წელს ყურძნის გადამუშავებაში 500-მდე საწარმოა ჩართული.

დღის ამბები