19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"მაღაზიაში მუხლებამდე წყალი იყო... ამოტუმბეს და შემდეგ დაასუფთავეს, ზარალი არაა, უბრალოდ დასველებულია" - რა ზიანი მიადგა მიწისქვეშა გადასასვლელებში მომუშავე მოვაჭრეებს

ძლიერი წვიმის შედეგები თბილისში - უხვმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. რამდენიმე უბანში დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. მარშალ გელოვანსა და თამარაშვილზე კი ნალექმა მიწის და კლდის მცირე ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.

მთელი ღამის განმავლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. დაშავებულები არ არიან.

სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, "კურიერი" ახმეტელის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე დიდუბეში იმყოფებოდა. როგორც მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფი მაღაზიის მფლობელები "კურიერს" უყვებიან, ამ ეტაპისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი ამოტუმბულია.

"მაღაზიაში მუხლებამდე წყალი იყო, სულ დატბორილი იყო მთელი მიწისქვეშა გადასასვლელი. სამაშველო, გამგებელი, დეპუტატი იყვნენ მოსული, ამოტუმბეს წყალი და შემდეგ დაასუფთავეს. დასველებულია ყველაფერი, უნდა წავიღოთ, გავაშროთ. ზარალი არაა, უბრალოდ დასველებულია," - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

დღის ამბები