15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა უფრო დამაბნეველი და იმედგამაცრუებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრებას წლებია ელოდებიან

ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.

"თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად," - აცხადებს სპინანტი.

თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო დამაბნეველი და იმედგამაცრუებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრებას წლებია ელოდებიან, ახლა კი ირკვევა, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე შარლ მიშელის დასახელებული თარიღი 2030 წელიც ბუნდოვანია.

"ნებისმიერ შემთხვევაში, სიცხადე ურთიერთობებში, ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი რამ. ამიტომ, რაც უფრო მეტად მკაფიო და ნათელი იქნება, მათ შორის ის წინაპირობები, რომელიც განაპირობებს წევრობას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ., მათ შორის კონკრეტული განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ამ თვალსაზრისით, ეს წაადგება ურთიერთობას.

გარკვეული ბუნდოვანება გაჩნდა ამ მიმართულებით და ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით სასურველია მეტი სიცხადე.

ჩვენ გვინახავს არაერთი სახელმწიფოს საზოგადოების განწყობის დინამიკა და ამ თვალსაზრისით ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა გარკვეულ ეტაპზე, იგივე კანდიდატის სტატუსის შემდგომ გაწევრიანებამდე მრავალი გზა, როდესაც არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის შინაარსიც შეიძლება მკაფიოდ და მარტივად გასაგები არ იყოს საზოგადოებისთვის, ეს შეიძლება გარკვეული სკეპტიციზმისთვის მიზეზს ბადებდეს, რასაც შეიძლება ძალიან ოსტატურად იყენებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ძალები," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები