15 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ვიმედოვნებ, მომდევნო ნაბიჯებზე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილება იქნება დადებითი და საქართველო უფრო მიუახლოვდება წევრობას - პაველ ჰერჩინსკი

ვიმედოვნებ, მომდევნო ნაბიჯებზე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილება იქნება დადებითი და საქართველო უფრო მიუახლოვდება წევრობას - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში რეკომენდაციებით და დეკემბერში 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ელჩი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. როგორც ალბათ ყველამ იცის, მომდევნო ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ის დაეყრდნობა ანგარიშს, რომელსაც ამჟამად ამზადებს ევროკომისია. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში. ეს არის პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ბევრია დამოკიდებული ასევე იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოემზადება საქართველო მომავალი წევრობისთვის. ამიტომ ვარ აქ და გუნდთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მთავრობას რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მომავალ მთავრობაზე და, შესაძლოა, მის მომდევნოზეც. ასე რომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ რამდენადაც შეგვიძლია, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ქართველებზე.

საჭიროა, ყველამ ერთად იმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა იყოს მზად, შესაბამისობაში, რომ მიიღოს მომავალი წევრობის ყველა სარგებელი. მეორე მხრივ, თქვენ გჭირდებათ, რომ 27 წევრი სახელმწიფო იყოს მზად, მიიღონ ახალი წევრები, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე სახელმწიფოზე "აღმოსავლეთ პარტნიორობიდან," კერძოდ, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებზე დასავლეთ ბალკანეთიდან, რომლებმაც ეს პროცესი ბევრად ადრე, 20 წლის წინ დაიწყეს.

ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ შარლ მიშელის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ის დასაწყისს აძლევს დისკუსიას არა მხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოების მზადყოფნის შესახებ, არამედ ასევე გაფართოებისთვის ამჟამინდელი წევრების მომზადების შესახებ. პირველად ჩვენ გვაქვს თარიღის შეთავაზება – 2030 წელი, დღეიდან შვიდ წელიწადში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება და მე მაქვს გადაჯვარედინებული თითები საქართველოსთვის," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები