მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზურაბიშვილი შეხვედრას ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტთან გამართავს.
მთავრობის ცნობით, პრეზიდენტს ათ ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა უარი. აქვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა უფლებამოსილებები და ის რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.
თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტი არის ის რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციის გზისთვის სასიკეთო იქნება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არავინ ეკითხება პრეზიდენტი ვიზიტით სად წავა.
"არავინ ეკითხება საქართველოს მთავრობას, სად წავა პრეზიდენტი. პირიქით, რაც უფრო მეტ ქვეყანაში წავა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისი, მეტი აქტივობები ექნება და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გადადგამს ნაბიჯებს. ეს არის კარგი ქვეყნისთვის და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, ვინაიდან ხვდება გერმანიისა და სხვა ქვეყნის პირველ პირებს ისე, რომ არ აქვს საქართველოს მთავრობის ნებართვა. ეს კიდევე ერთი სიგნალია საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციების საჯაროდ გამჟღავნებისა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციაზე მაღლა ვერ იდგება.
"არავინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, არც "ქართული ოცნება". კონსტიტუცია ვინც დააწესა იმ ხალხის გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპაში და ხელისუფლება, ამ ისტორიულ შანს ებრძვის და პრეზიდენტს არ უშვებს. დიდი მოლოდინი არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტზე. რა უნდა ვუთხრათ ევროპელებს. რას გააფუჭებს?! ველოდები "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების დასაბუთებას სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პერიოდში ევროპაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.