15 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
არის თუ არა არაკონსტიტუციური პრეზიდენტის ევროპული ტურნე - მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას უკვე შეხვდა

კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტს ადანაშაულებს. მთავრობის თანხმობის არ არსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტით წასვლა, ირაკლი კობახიძისთვის ქვეყნის მთავარი დოკუმენტის უგულებელყოფაა. მმართველი ძალის თავმჯდომარისთვის დამაჯერებელი არც ის ოფიციალური პოზიციაა, რომ პრეზიდენტს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა სურს.

კონსტიტუციის დაცვისკენ ოპოზიციამ დღეს მმართველ გუნდს მოუწოდა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხის ლობირება მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველა ხერხის გამოყენება მისაღებია.

მთავრობის უარის მიუხედავად, ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი უკვე ჩავიდა და მის გერმანელ კოლეგასაც ესტუმრა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილმა პირად სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ოფიციალური ინფორმაცია ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ რადგან პრეზიდენტი ვიზიტით თანხმობის გარეშე გაემგზავრა, მისი შეხვედრები ოფიციალური ხასიათის ვერ იქნება.

პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ საგარეო მიმართულებით აქტიურობა საკმარისი არ არის ოპოზიციის ნაწილისთვის. კონკრეტული მიმართულებით მუშაობს ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა". ამ პარტიისთვის ქვეყნის ევროპული გზა მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე გადის.

ის, რაზეც მმართველი გუნდი დღეს აქცენტს აკეთებდა, დღის ბოლოს საკუთარ სოციალურ ქსელში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გამოაქვეყნა.

მამუკა მდინარაძე საკუთარ სტატუსში იხსენებს, რომ ერთი კონკრეტული ინტერვიუს დროს, პრეზიდენტი მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობდა.

დღის ამბები