22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა - რა ჩანს ფარულ ვიდეოჩანაწერებში და ვინ აიძულებდა შშმ პირებს მოწყალების თხოვნას

ორი ბოსი, ორი თანაშემწე და ორი დაზარალებული - გაშიფრულია ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა. დაკავებულები არიან მთავარი მოქმედი პირები.

სატყუარა ტრეფიქინგის მსხვერპლების ფიზიკური მდგომარეობა იყო. ერთი მათგანი ეტლით, მეორე ყავარჯნის დახმარებით გადაადგილდება. ამის გათვალისწინებით, გამვლელების ყურადღებას იპყრობდნენ და დახმარების თხოვნის შემდეგ ფულს და თანაგრძნობასაც იღებდნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა კრიმინალი, ძალადობა და უმწეო ადამიანებით ვაჭრობის ბრალდება დგას. პოლიციის ფარულად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მათ მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, შემდეგ კი ფულს უკმაყოფილოდ ართმევდნენ. საქმეში დევს სატელეფონო ჩანაწერებიც, სადაც ისმის, რომ თუ ზედამხედველებს შეგროვებული ფული ეცოტავებოდათ აგრესიულები ხდებოდნენ. 

ირკვევა, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით კი, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ.

საქმეში დევს აუდიო და ვიდო მტკიცებულებებიც, თუმცა ეს დავის მხარისთვის საკმარისი არ არის. ბრალდებებს დუმილით პასუხობენ თავად დაკავებულები. ტრეფიკინგის სქემის სათავეში აზერბაიჯანის ორი მოქალაქეა.

მათთან ერთად პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა, რომლებსაც ტრანსპორტირების და ზედამხედველობის ფუნქცია ჰქონდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4-ვე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. თუ მათი დანაშაული დამტკიცდება, მუხლი 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები