27 ივლისი 2024,   05:05
ვრცლად
უკრაინული "მაიდანი" ქართველების ხელით საქართველოში - რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - უკრაინაში დაწერილი სცენარი, რომელიც ოქტომბერ-დეკემბერში ქართველების ხელით უნდა განხორციელდეს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნდა დაემთხვეს. სახელმწიფო გადატრიალების ახალ გეგმაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ის მთავარი აქტორებიც დაასახელეს, რომლებიც გადატრიალების გეგმის უკან დგანან. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ყოფილი ძალოვანი გია ლორთქიფანიძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, ვინც სუს-ის ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დივერსიული ჯგუფების მომზადებას ახორციელებს. ცნობილია სავარაუდო არეულობის დროც - ოქტომბრიდან დეკემბრამდე. თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სპეცსამსახურში ამტკიცებენ, რომ ქართული წარმომავლობის მებრძოლებისა და გადამზადებული აქტივისტების მხრიდან ძალადობრივი პროცესების სტიმულირება დაიწყება. სუს-ში ამბობენ, რომ აქტივისტების რეკრუტირებაში წარსულში სერბული რევოლუციის შემოქმედი ორგანიზაციები "კანვასი" და "ოტპორიც" არიან ჩართული.

სუს-ს მალევე "კანვას საქართველოდან" უპასუხეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე კავშირს რევოლუციურ სცენარებთან უარყოფს. გიორგი მელაძე ამტკიცებს, რომ 20 წელზე მეტია "კანვასი" ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ზრუნავს.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებს გია ლორთქიფანიძის ადვოკატიც. შოთა კახიძის მტკიცებით, ყოფილი მაღალჩინოსანს ქართულ პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს და არც პოლიტიკური მიზნები გააჩნია.

დივერსიული ჯგუფების გადამზადების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობისა და მეომრების მობილიზების გარდა, დღეს სუს-მა იმ შესაძლო სცენარებზეც ისაუბრა, რომელიც გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მუშავდება. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების შემდეგ, სპეცსამსახურის მტკიცებით, იგეგმება ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება. სუს-ში აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღის მასობრივ არეულობაში გადაყვანის მიზნით, ლორთქიფანიძე მომხრეების კარვის აფეთქებასაც კი აპირებს.

ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის პერსონაზე საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ისურვეს. ექსპრეზიდენტის პარტია და მისი პოლიტიკური პარტნიორები სუს-ის ინფორმაციას არ ენდობიან, თუმცა ადასტურებენ, რომ ევროპული საბჭოს ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში მზად არიან პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართონ.

საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის როლზე გააკეთა აქცენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა. შალვა პაპუაშვილმა ლორთქიფანიძის მხრიდან ექსპრეზიდენტის ქვეყანაში უკანონოდ შემოყვანა გაიხსენა და თქვა, რომ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ამ პირისგან მოსალოდნელია.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ. ამბობენ იმასაც, რომ მსგავს სცენარებზე საუბრის ლეგიტიმაციას, მმართველ გუნდს ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა უმყარებს.

"ნაცმოძრაობის" მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს მოსალოდნელს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი უცხოელი ლობისტების ფინანსური დახმარებით კვლავ რევოლუციურ სცენარს ამზადებს. პოლიტიკოსების თქმით, მიზანი უცვლელია - სახელმწიფო გადატრიალება, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სუსი მოკვლევას განაგრძობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ უწყება ყველა შესაძლო კრიტიკული სცენარის პრევენციისთვის აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები