სამივე დაკავებული დიღმის მთავარ სამმართველოში დღეს ადვოკატმა მოინახულა. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით სამართალდარღვევას არ აღიარებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავების დროს, სამართალდამცველებმა დაზიანებები მიაყენეს. ფაქტის შესწავლის მიზნით, დღეს სამმართველოში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელიც იმყოფებოდა, თუმცა, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მედიასთან, ირაკლი ლუხოშვილმა თქვა, რომ ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში, დაკავებულ ნიკა მელიას დაზიანებები არ აქვს.
ადვოკატებისა და გამომძიებლების გარდა, დიღმის მთავარ სამმართველოსთან დღეს პოლიტიკოსებიც იყვნენ. ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური სპექტის წარმომადგენლები ადგილზე დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდნენ. პოლიტიკოსები სამივე პირის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ მელიას, დოლიძესა და კუპრავას დაპირისპირებაში დანაშაული არ მიუძღვით. გლდანში მომხდარი ინციდენტისა და ირაკლი ეძგვერაძის ცემის მიღმა კი ისინი ”ქართულ ოცნებას”, უფრო კონკრეტულად, საკრებულოს წევრს კონსტანტინე ზარნაძეს ასახელებენ.
საკრებულოს, ”ქართული ოცნების” წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ დღეს კურიერთან, ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა. საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან კავშირს უარყოფს. ამბობს, რომ ის პირები, ვინც ირაკლი ეძგვერაძეს დაუპირისპირდნენ, წარსულში, სწორედ დაშავებულის ახლო მეგობრები იყვნენ. ზარნაძის ინფორმაციით კონფლიქტიც მათ პირად ურთიერთობას უკავშირდება.
პირები, ვინც ირაკლი ეძგვერაძეს, გუშინ, სავარაუდოდ, დაუპირისპირდნენ, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მათ გამოძიება 126-ე მუხლს ედავება, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 6 პირი, კურიერის ინფორმაციით მათ შორის არიან, ელგუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდაძე. სწორედ შუკაკიძისა და ზარნაძის კავშირზე საუბრობემ ოპოზიციისნ წარმომადგენლები. ელგუჯა შუკაკიძე ე.წ კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმაა, თუმცა ირკვევა რომ ნოდარ შუკაკიძესთან ახლო ურთიერთობა აქვს ირაკლი ეძგვერაძეს - ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით დღეს პრაიმ-ტაიმმა ავრცელებს და იქვე აქვეყნებს შუკაკიძისა და ეძგვერაძის ერთობლივ ფოტოს. არდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი წარსულში ნასამართლევიცაა, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
დაპირისპირება გლდანში გუშინ გვიან ღამით მოხდა. თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები, მათ გამოჩენას კი, ჩხუბი მოჰყვა.
სამართალდამცველებმა ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სწორედ ამ დროს დააკავეს. სხვადასხვა დაზიანებებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ირაკლი ეძგვერაძე და სხვა დაზარალებულები.