საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 6 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
კურიერისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს შორის, არიან ტატო ხუნდაძე და ელგუჯა შუკაკიძე.
გლდანში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ასევე, დააკავეს- ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა, რომელთაც ადვოკატი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დღესაც მოინახულებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნიკა მელიას შეხვდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
დაპირისპირება გლდანში 2 დღის წინ მოხდა, რასაც წინ უძღოდა ხმაური საკრებულოს სხდომაზე. ინციდენტის ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარისა და პარტიის სხვა წევრების გამოჩენას ჩხუბი მოჰყვა.