ორი დღე უპრეცედენტო პროცესამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში უზენაესი კანონის მცველებმა უნდა იმსჯელონ - დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტმა. მთავარ კითხვას პასუხი 9 მოსამართლის პლენუმმა უნდა გასცეს. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც "კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად ჩაწერა, არ გამორიცხავს, რომ პლენუმმა გადაწყვეტილება პირველივე სხდომაზე მიიღოს.
"დროში ვართ შეზღუდული და შესაბამისად, სამში უნდა დავიწყოთ სხდომა, სავარაუდოდ, სამშივე დამთავრდება, შეიძლება ოთხში გაგრძელდეს და დასრულდეს. უნდა გამოცხადდნენ, როგორც კონსტიტუციის წარდგინების ავტორები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი. მათ აქვთ სასამართლოს მხრიდან მოწვევა პროცესზე, მაგრამ თუ არ გამოცხადდებიან და წარმომადგენლით იქნებიან წარმოდგენილნი ამის შესახებ სასამართლო იმსჯელებს და ნახავს რამდენად საკმარისი იქნება წარმომადგენელთა მიერ დაფიქსირებული პოზიცია. არგუმენტები მას შემდეგ უნდა შევაფასოთ, როცა მოვუსმენთ, როგორც კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და პრეზიდენტს, ასევე სხვა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
გადაწყვეტილებამდე მსაჯულები 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავენ. საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან. 3 ოქტომბერს პრეზიდენტს ევროტურნე პოლონეთში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა საქართველოში დაბრუნდა.
ავტორი:ნანა გოგატაძე