15 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს - თავდაცვის მინისტრი

ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას დახურულ ფორმატში მოუსმინეს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება აეროპორტის მშენებლობის თაობაზე ექსპერტების შეფასების შემდეგ მიიღება, შეფასება კი სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება.

"შევთანხმდით იმაზე, რომ რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს. მოისმინეს პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა. ამიტომ, უნდა დაველოდოთ შეფასებას. რა თქმა უნდა, იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება," - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

უქმნის თუ არა საფრთხეს ვაზიანში ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენება მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტის სრულფასოვან ფუნქციონირებას - ეს ის მთავარი კითხვაა, რაზეც დეპუტატების ნაწილს მინისტრისგან პასუხის მიღება სურდა.

"მთავრობა აპირებს ვაზიანის ძველ სამხედრო აეროდრომზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობას, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ რამდენად არის დათვლილი, რა ბედი ელის შემდეგ იქ არსებულ უზარმაზარ სამხედრო ინფრასტრუქტურას - ამას ეხება ეს თემა და ამაზე ვისაუბრეთ," - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

"თავდაცვის უწყების, მინისტრის პასუხები ამ კითხვებზე იყო აბსოლუტურად ამომწურავი, იყო დამაჯერებელი და იყო, ვიტყოდი, კვალიფიციურად და არგუმენტირებულად გაცემული, ისევე, როგორც სამხედრო პირების, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას. მე გულწრფელად გეტყვით, არ მგონია, რომ ოპოზიციას რაიმე კითხვები დარჩა, უბრალოდ, მათი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ მათ დარჩათ კითხვები, სინამდვილეში, ნამდვილად ყველა კითხვას გაეცა პასუხი," - აცხადებს ირაკლი ბერაია.

ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ფორმატში გაიმართა. უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ მიიწვია.

დღის ამბები