ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ მხრივ, ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"ჩვენ არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის ამ ტურბულენტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება, მე ასე ვიტყოდი. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.