06 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, საპასუხო საჰაერო თავდასხმის დროს, ღაზაში ჰამასის 2 ხელმძღვანელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, საპასუხო საჰაერო თავდასხმის დროს, ღაზაში, ჰამასის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურები მოკლეს. ზაქარია აბუ მუამარი და ჯავად აბუ შამალი ჰამასის პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყვნენ. შამალი, პარალელურად, ჰამასის ეკონომიკის მინისტრი იყო და როგორც ისრაელი ირწმუნება, ტერორიზმს ღაზის სექტორის ფარგლებს გარეთაც ასპონსორებდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ. მუამარი კი ჰამასის საერთაშორისო კავშირებს უძღვებოდა.

შაბათის შემდეგ ღაზაში 830 ადამიანია დაღუპული. ისრაელის მხარეს კი მსხვერპლმა 1000-ს გადააჭარბა. ერაყის და იემენის ლიდერები დღეს დაემუქრნენ ვაშინგტონს, რომ უპასუხებენ, ინტერვენციის შემთხვევაში.

ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო საჰაერო შეტევის შემდეგ, 200-მდე სამიზნე და სტრატეგიული შენობა განადგურებულია. პროზექტურები კი ცხედრებითაა სავსე. მათ შორის არის ქალაქი ხან იუნისი, სადაც პროზექტურაში ადგილის არქონის გამო, მიცვალებულების ნაწილი იატაკზე ჰყავთ დალაგებული. სარაკეტო იერიშებს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 750 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც. შაბათის შემდეგ ისრაელში ჰამასის თავდასხმებმა 1000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

ჰამასი აშკელონზე სარაკეტო შეტევით დაიმუქრა და 5 საათამდე მისცა დრო მოსახლეობას, ქალაქი დაეტივებინათ. ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, ემოციას და სიბრაზეს ვერ მალევენ მოქალაქეები თელ-ავივში. ისრაელის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დღის განმავლობაში, უმეტესად სიმშვიდე იყო, თუმცა სირენების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დროდადრო ისმოდა.

სამხრეთ ლიბანში დღეს დილიდან თითქმის ცარიელია ქუჩები. დახურულია სკოლები და მაღაზიების უმრავლესობა. საზღვრის ამ რაიონში, ისრაელმა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წევრებზე საპასუხო იერიში მიიტანა და რამდენიმე მებრძოლი მოკლა.

ებრაული საზოგადოების დაცვის გაძლიერებაზე ილაპარაკა დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ჯორჯა მელონი რომის სინაგოგაში მივიდა და ებრაულ საზოგადოებას თანადგომა გამოუცხადა.

ისრაელელი რეზერვისტების რიგები კიდევ იზრდება. მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მიემგზავრებიან ისრაელში, რათა ჰამასის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს შეუერთდნენ.

ისრაელის განცხადებით, მის საზღვრებზე ღაზასთან კონტროლი სრულად აღდგენილია და მიმდინარეობს იმ ტერიტორიების დანაღმვა, სადაც ჰამასმა საზღვარი გაარღვია.

დღის ამბები