საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე მორიგი პროცესი დასრულდა. გამოიკითხა კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი მინდია ჯანელიძე, რომლის უწყებამაც დავით გარეჯის საქმეზე 2013-14 წლებში მოკვლევა ჩაატარა.
რა შედეგები გამოიკვეთა მოკვლევის საფუძველზე, ასევე რა როლი ჰქონდათ ბრალდებულებს საქმესთან დაკავშირებით - გამოძიებას მინდია ჯანელიძესთან სწორედ ეს კითხვები ჰქონდა. მოწმემ დაკარგულ რუკაზეც ისაუბრა.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საბჭო დაინტერესდა კომისიის საქმიანობით, რადგანაც არსებობდა გარკვეული ხარვეზი:
"სხდომაზე დაიკითხა მინდია ჯანელიძე, რომელიც იყო 2014-15 წლებში კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. საბჭო დაინტერესდა კომისიის საქმიანობით, რადგანაც არსებობდა გარკვეული ხარვეზი, ეს ხარვეზი კი ნამდვილად დადგინდა. ამ მოწმის ჩვენების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ყველაზე რელევანტური მასალა - რუკა, რეალურად იყო ბრალდებულების ფაქტობრივ მფლობელობაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ საბჭოს მიერ საკითხის შესწავლის ფარგლებში არაერთხელ იყო ეს რუკა მოთხოვნილი, მათ ფიზიკურად არ მოუწოდებიათ ეს რუკა. ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ კონტექსტში ბრალდებულები მიზანმიმართულად მალავდნენ რელევანტურ რუკას,"- აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.