18 ოქტომბერი 2024,   09:16
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და პრევენცია მომავლისთვის - როგორ ხსნის ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტის აუცილებლობას

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და პრევენცია მომავლისთვის - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იმპიჩმენტის აუცილებლობა ამ მიზეზებით ახსნა. საკონსტიტუციო წარდგინების ავტორმა დღეს, სხდომათა დარბაზში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტი თანხმობის გარეშე შევიდა მთავრობის კომპეტენციაში და ამ ნაბიჯით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა.

პოლიტიკურ დანაშაულთან ერთად მორალური ზიანიც -ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ხშირად არღვევს ეთიკის ნორმებს. ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილს ისიც შეახსენა, რომ "ქართული ოცნების" დახმარების გარეშე, ის პრეზიდენტის სავარძელს ვერ დაიკავებდა.

თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ტონი დაუწუნა, საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ კოლეგას ზრდილობის დაცვისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი ძალის მხარდაჭერა ოპოზიციის წევრებმაც გაიხსენეს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ამ საკითხზე კითხვები დაუსვეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების ფონზე, იმპიჩმენტის საჭიროების განმარტებაც მოსთხოვეს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას ისევ დაარღვევს - სხდომათა დარბაზში დღეს ეს კითხვაც დაისვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კონსტიტუციის მორიგ დარღვევაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას პასუხი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა. პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.

დღის ამბები